Accentnews.ge
პრეზიდენტი – შაქარაშვილის საქმეზე: „მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე“

პრეზიდენტი – შაქარაშვილის საქმეზე: „მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე“

15/07/2020 07:21:07 სამართალი

პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ჯგუფური ძალადობა მიუღებელია, არაქართულია და ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ“.

„არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი გამომძიებელი იყო. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გავხდე. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე. მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა არის აღიარება და მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. სწორედ ამ პირების პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს ოჯახი,.

10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად შეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S