
ომბუდსმენი – პრეზიდენტის განცხადებაზე: „ძალადობის რომანტიზება არ უნდა მოვახდინოთ“
15/07/2020 11:01:37 სამართალი
ერთი–ერთზე იქნება, თუ ჯგუფურად, ძალადობა ძალადობაა და ეს კრიმინალია, - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტის განცხადებას გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
ომბუდსმენი მიუღებლად მიიჩნევს ძალადობის რომანტიზებას და ამ მიმართულებით პოლიტიკური პირების მხრიდან გზავნილებს მნიშვნელოვნად აფასებს.
„განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება, მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. მე ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი-ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება ეს უფრო მისაღებია და ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა შესაცვლელია. საზოგადოებაში შესაცვლელია წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, არის კრიმინალი. ვაჟკაცობა ვლინდება სხვა ღირებულებებში - სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვასა და ა.შ.“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯგუფური ძალადობა არაქართულია და მან ვაჟკაცობა იცის ერთი-ერთზე.
"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.