
ბიბილოვი – წნელისში გახსნილ ქართულ საგუშაგოზე: „საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა“
15/07/2020 13:36:12 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, წნელისში განთავსებულ ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება და საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა.
„საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის შედეგი, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას წინა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, თუმცა დღეს დამნაშავის ძებნა სულმდაბლობაა. მესაზღვრეები დგანან საზღვარზე იქ, სადაც ისინი 1922 წლის შემდეგ არასდროს მდგარან და ეს დღევანდელი სწორი და დროული გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას თავიდან აგვაცილებს,“- აღნიშნა ოსური მედიის ცნობით ბიბილოვმა ე.წ. პარლამენტის სხდომაზე.
მისივე თქმით, მთავარია პრობლემა მშვიდობიანად გადაწყდეს:
„სოფელ წნელისში განთავსებულ უკანონო ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება და საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა. მნიშვნელოვანია, რომ სისხლისღვრა ავიცილოთ და ხალხის უსაფრთხოება შევინარჩუნოთ“.
წნელისი – ჩორჩანას კრიზისი: ქართული მხარის მიერ აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას საოკუპაციო ხაზთან ვითარების გამწვავება და ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დე ფაქტო საზღვის ჩაკეტვა მოჰყვა. საპასუხოდ ოკუპანტებმა რამდენიმე საგუშაგო გახსნეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ტყვედ აიყვანეს ახალგორის მოსახლეობა, ჩაკეტეს რა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსავლელები. პროცესს მოჰყვა მსვერპლიც: ქალბატონი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუშვეს და ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე პაციენტი თბილისში ძალიან გვიან გადმოუშვეს და თბილისში მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.