Accentnews.ge
პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა

15/07/2020 14:36:34 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებები დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი ხდება, გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) ხუთი ან ხუთ პროცენტზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.

კანონპროექტის თანახმად, თუ გამანაწილებელი კომპანია ხუთი ან ხუთ პროცენტზე მეტი წილის/აქციების გასხვისებას გადაწყვეტს, მას ვალდებულება დაეკისრება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს აცნობოს.

ოპერატორის მიერ კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს მონაწილე პირების თაობაზე დეტალური ინფორმაცია: საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის მონაცემები;

აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე; შერწყმის ან წილის/აქციების გასხვისების პირობები და ა.შ.;

პროექტის თანახმად, შეტყობინების წარდგენიდან 3 თვის ვადაში სემეკი უფლებამოსილი იქნება, თანხმობა გასცეს ან აკრძალოს ხუთი ან ხუთ პროცენტზე მეტი წილის/აქციების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია, განზრახული ტრანზაქციის უარყოფითი შედეგების განჭვრეტა, მათი პრევენცია, კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S