
აგვისტოდან "ფეისბუქი" საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობას მოითხოვს
16/07/2020 06:11:30 საშინაო პოლიტიკა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სოციალური ქსელი "ფეისბუქი" საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მოითხოვს - არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" გაგზავნილ წერილზე ფეისბუქისგან პასუხი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალური ქსელი აგვისტოს თვიდან საქართველოში პოლიტიკურ და საარჩევნო რეკლამებთან დაკავშირებით ავტორიზაციას მოითხოვს, რაც ამ რეკლამებთან დაკავშირებით უპრეცედენტო გამჭვირვალობის ხარისხსა და ავთენტურობას ნიშნავს. ამომრჩევლებს კი შეეძლებათ გაარკვიონ, საარჩევნოდ ვინ და რატომ ცდილობს მათ ხმაზე გავლენის მოხდენას.
მიხეილ ბენიძის განმარტებით, ეს წერილი ადასტურებს, რომ “ფეისბუქი” სერიოზულად მოეკიდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში, მანამდე კი პოლიტიკურ აქტორებს შესაბამის ინსტრუქციებს მისცემს, რომელთა შესრულებაც თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა იქნება.
აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში ამოქმედდება პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა, ფეისბუქზე უზრუნველყოფილი იქნება მაღალი გამჭვირვალობა, იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვინ იხდის პოლიტიკური რეკლამებისთვის თანხებს და რა თანხა იხარჯება, რა პერიოდზე, რა გეოგრაფიულ არეალზე. თუ სათანადო დეკლარაციას არ უზრუნველყოფენ პოლიტიკური პარტიები, ამ შემთხვევაში ფეისბუქის შესაბამისი ალგორითმი უზრუნველყოფს, რომ აღმოაჩინოს ეს პოლიტიკური რეკლამები და მათი სანქცირება მოახდინოს, - ამბობს ბენიძე.