
ბჟანიამ გალელებს მიწის გადასახადის ოდენობა გაუნახევრა
16/07/2020 16:28:48 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გააუქმა გალის რაიონული კრების 2003 წლის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რაიონის მაცხოვრებლებისთვის მიწის გადასახადის ოდენობა სხვა რაიონებში მოქმედს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, - იუწყება "Нужная газета".
დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულებაში განმარტებულია, რომ ე.წ. რაიონული კრების გადაწყვეტილება ორ შესაბამის აფხაზურ კანონს ეწინააღმდეგებოდა. ე.წ. რაიონული კრების 2003 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე გალელი გლეხები 1 ჰა მიწაში 2250 რუბლს იხდიდნენ, ახლა კი ეს ოდენობა განახევრდება.
გალის ოკუპირებული რაიონის ყოფილი დე ფაქტო ხელმძღვანელი ნადარაია, რომელიც ამასწინათ თანამდებობიდან გადააყენეს, ირწმუნება, რომ 2003 წელს, როცა ე.წ. რაიონული კრება შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდა, იგი კანონებთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა, “წინააღმდეგობაში იგი მხოლოდ 2006 წელს მოვიდა, მაგრამ რაიონულმა ადმინისტრაციამ ეს მხოლოდ 2015 წელს აღმოაჩინა და პრობლემის გამოსასწორებლად პარლამენტს მიმართა”.
პრობლემას ამასწინათ ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო დამცველმა ასიდა შაკრილმა მიაქცია ყურადღება და დე ფაქტო ხელისუფლებას რეაგირების თხოვნით მიმართა.