
ბაქო ერევანს მეწამორის აეს-ზე სარაკეტო იერიშების განხორციელებით დაემუქრა
16/07/2020 16:52:26 კავკასია
ბაქო ერევანს აზერბაიჯანის სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის მინჩეგევირის წყალსაცავზე თავდასხმის შემთხვევაში მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმის განხორციელებით დაემუქრა. შესაბამისი განცხადება დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დარგიახლიმ გააკეთა
«იმ არეალის რელიეფი, რომელზეც წყალსაცავია განლაგებული, გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც ჩატარდა, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჩვენს განკარგულებაში არსებული სისტემები ამ სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამავე დროს, სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ უახლეს სარაკეტო სისტემებს, რომელიც ჩვენს არმიას შეიარაღებაში გააჩნია, მაღალი სიზუსტით შეუძლია დარტყმის განხორციელება მეწამორის აეს-ზე, რაც სომხეთისთვის დიდ ტრაგედიად იქცევა», – აღნიშნა მან.
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, 12 ივლისის შემდეგ, საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი, ოთხი სომეხი ოფიცერი დიღუპა, 10 დაშავდა. დაძაბული ვითარება ამ დრომდე ნარჩუნდება, მათ შორის დილიდან სროლები განახლდა.
მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.