
ერევანი მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ იუწყება
16/07/2020 21:17:07 კავკასია
აზერბაიჯანის არმიის დაბომბვების შედეგად 36 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტზე 30-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა: საგამოძიებო კომიტეტი აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე არტილერიით დაბომბვაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციის დარღვევაში სდებს ბრალს. ერევანში აცხადებენ, დაბომბვების შედეგად ტავუშის რეგიონში დაზიანდა კონიაკის და ღვინის ქარხნები, საბავშვო ბაღი, წყალსადენი, გაზსადენი, ასევე დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ტოვუზის რაიონის მიმართულებაზე, აზერბაიჯან-სომხეთის სასაზღვრო ზონაში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო პოზიციებზე ავტომობილებით სარეზერვო ძალების განთავსებას სცადა, რომელიც განადგურდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირების დროს, ასევე განადგურდა სომხეთის არმიის ყაზარმაც.
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, 12 ივლისის შემდეგ, საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი, ოთხი სომეხი ოფიცერი დიღუპა, 10 დაშავდა. დაძაბული ვითარება ამ დრომდე ნარჩუნდება.
მხარეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.