
ზურაბიშვილი – პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე: „რა ასამბლეა, რა ურთიერთობა შეიძლება, არსებობდეს ოკუპანტთან, რომელიც ყველა ქრისტიანულ წესს ებრძვის?!“
20/06/2019 08:03:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საკითხს და პარლამენტში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "აქ მართლმადიდებლური არაფერია და რუსეთისთვის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგიაა“.
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას!
აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“ - წერს ზურაბიშვილი სოცილაურ ქსელში.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი "კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვი უძღვება.
ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა ბლოკირებულია. „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა აქვთ დაკავებული და ამბობენ, რომ დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ. მათ ალყაში აქვთ მოქცეული პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, საიდანაც ცოტა ხნის წინ სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს მიმართავდა.
ამ წუთებში სასესიო დარბაზში არიან მათი კოლეგები ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მათ მიმართეს, თუ რატომ არ რცხვენიათ ის, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ხდება.