
თალაკვაძე: "რუსეთის დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!"
20/06/2019 08:28:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მისვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსმა დეპუტატებმა "პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ".
“რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!” – წერს ტალაკვაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობს.სხდომას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს.
ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა ბლოკირებულია. გენერალური ასმაბლეის სესიაზე შესვენება იყო გამოცხადებული, როდესაც „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. ისინი ამბობენ, რომ დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ. მათ ალყაში აქვთ მოქცეული პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, საიდანაც ცოტა ხნის წინ სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს მიმართავდა.
ამ წუთებში სასესიო დარბაზში არიან მათი კოლეგები ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მათ მიმართეს, თუ რატომ არ რცხვენიათ ის, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ხდება.