
ბრეგვაძის ადვოკატი: „ისე არ გავაკეთოთ, ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ“
17/07/2020 12:11:39 სამართალი
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა.
როგორც ბრეგვაძის ინტერესების დამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის კამერა ამოიღო და მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ამასთან, ადვოკატის შეფასებით, ბრეგვაძის წინააღმდეგ ბულინგი მიმდინარეობს:
"ამოღებულია კამერა, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. შეუძლიათ საერთაშორისო ექსპერტიზები ჩაატარონ. ვაპირებთ იმ ადგილზე ჩასვლას, სადაც იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე მაშინ. გადავიღებთ კადრებს თუ სად იმალებოდა. აუცილებლად გადახტება იქ არსებულ ღობეზე ჟურნალისტების თვალწინ, რომ ყველაფერი ნახოთ. ეს იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები. ისე არ გააკეთოთ რომ ეს ბავშვი თვითმკვლელობამდე მივიყვანოთ. მას ეძახიან სუს-ის აგენტს. სისხლიანი დაპირისპირება ყოფილა თუ არა მან არ იცის", - განაცხადა ჭკადუამ.
შაქარაშვილის საქმეზე დღეს კიდევ 2 მოწმე გამოიკითხა.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. სწორედ ამ პირების პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს ოჯახი,.
10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად შეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.