
ნინო ლომჯარია პრეზიდენტს პასუხობს: "ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება"
17/07/2020 15:51:24 საშინაო პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თანამდებობის პირები ექვემდებარებიან მკაცრ კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში აგრესიულ განცხადებებს მაგრამ, მათ თმენის ვალდებულება აქვთ.
„თუკი ის, როგორც პრეზიდენტი, თუნდაც უმაღლესი მთავარსარდალი დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით, ან მის მიმართ გაკეთდება ისეთი განცხადებები, რაც შეიცავს დისკრიმინაციის წახალისებას გენდერული თუ სხვა ნიშნით, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აუცილებლად ექნება რეაგირება, ისევე, როგორც ვახდენთ და მოგვიხდენია რეაგირება, მათ შორის, მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ განცხადებებზე. რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად თანამდებობის პირები ვექვემდებარებით მკაცრ კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში აგრესიულ განცხადებებს და ა.შ. ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, არ არის სასიამოვნო მისთვის ესა თუ ის შეფასება და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. სახალხო დამცველის მანდატში აბსოლუტურად არ შედის იმის შეფასება, „რომელიმე თანამდებობის პირს საზოგადოება აბულინგებს თუ არა", – განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ომბუდსმენს უსაყვედურა. ადმინისტრაციის განცხადებით, სახალხო დამცველი და მისი აპარატი სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე არასდროს რეაგირებს.