Accentnews.ge
"სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შეუთანხმებლად აღმოჩნდა"

"სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შეუთანხმებლად აღმოჩნდა"

20/06/2019 08:54:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიისთვის სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დილით სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. 

მდინარაძის მტკიცებით, სხდომა უნდა წაეყვანა არა გავრილოვს, არამედ საბერძნეთის წარმომადგენელს და ჯერ–ჯერობით გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა გავრილოვი სხდომის წამყვანად. მამუკა მდინარაძის თქმით, ამას საორგანიზაციო კომიტეტში გაარკვევენ.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, როდესაც სურათს ვნახულობთ, სადაც რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ასე მიჰყავს სხდომა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო შეუთანხმებელი. პროტოკოლის მიხედვით, სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას, რომელიც არის ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ასე იყო შეთანხმებული საქართველოს პარლამენტთან. რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანის პოზიციაზე, მიუხედავად ამ ასამბლეაში მისი პოზიციისა, ამაში გავერკვევით დეტალურად.

სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და გაბედა და წაიყვანა ეს სხდომა, პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება. ხვალ სხვა სივრცეში გაგრძელდება ასამბლეის სხდომა. საქართველოს პარლამენტში აღარ და ვეღარ დაიშვება მსგავსი შეცდომა. ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ასამბლეის მონაწილეებს სხდომის გამართვის საშუალება სხვა სივრცეში მიეცემათ:

„ხვალ გაგრძელდება სხვა სივრცეში სხდომა, ნებისმიერი სასტუმრო იქნება თუ სხვა, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს და მათი პარლამენტის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად განაგრძონ ასამბლეის ფარგლებში მუშაობა".

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S