
გაფრინდაშვილი გახელაძეებს ესტუმრა: "ოკუპანტებს ერთიანობა უნდა დავუპირისპიროთ"
18/07/2020 11:27:39 კონფლიქტები
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც გასულ წელს თავადაც ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდა, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა, მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და თანადგომა გამოუცხადა.
როგორც ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმი ახალ მეთოდებს მიმართავს მოსახლეობის დასაშინებლად, მათ ქმედებებს კი ქართულმა საზოგადოებამ სიმართლე და ერთიანობა უნდა დაუპირისპიროს:
„მე და ჩემი მეუღლე ვესტუმრეთ გახელაძეების ოჯახს, რათა გამოვუცხადოთ მხარში დგომა და თანადგომა. ეს სიტუაცია ჩემს ოჯახს გავლილი აქვს საკმაოდ მწვავედ და იციან, რა არის საჭირო, რომ სამართალმა გაიმარჯვოს. პირველ რიგში საჭიროა ოჯახის მხარში დადგომა - გაუგონარი ფაქტია ზაზას გატაცება, ბოლო ათ წელში ასეთი არაფერი გამიგია.
არ შეიძლება მან თავი იგრძნოს მარტო - უნდა დავუდგეთ მათ მხარში. ჩვენი ერთიანობის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. ყოველდღიურად ახალ ამბებს ავრცელებენ. გოჩა მღებრიშვილს თურმე ღამურების კოლექცია ჰქონდა, გამოჩნდება ვინმე, ვინც, შეიძლება თავდასხმას ამზადებდა. ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და ერთიანობა.
კავშირები გაძნელებულია და სამწუხაროდ, ალბათ ზაზასაც წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ. ახალ პოლიტიკას აწარმოებს ე.წ. ცხინვალი - არა მარტო საზღვრის კვეთას, სისხლის სამართლის დანაშაულს უყენებენ. ზაზას 5-დან 10 წლამდე მუხლი ემუქრება. უნდათ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იქით აღარ გაიხედოს.", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს დაჭრეს და გაიტაცეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან. უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.