
45 წლის ქალი მეგობარი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს
19/07/2020 20:18:36 სამართალი
სამართალდამცველებმა 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ბინაში მოკლული გუშინ ღამით იპოვეს.