
"ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიის ისტორიული იერსახე განადგურებულია"
19/07/2020 22:54:15 სამართალი, საზოგადოება
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ავრცელებს ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში უკანონო სარემონტო სამუშაოების ამსახველ ფოტოებს და წერს, რომ იქ ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზიშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები.
ასევე, მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულია ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად წაიშალა ტაძრის უნიკალური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა.
„ეს უნდა შეფასდეს როგორც ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება“, - წერს თეოლოგი და მოითხოვს შესაბამისი უწყებებისგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას კანონით დადგენილი წესით ძეგლის და საფლავების განადგურებისათვის.
ასევე, დეკანოზ ისე არხოზიშვილისთვის მღვდელმსახურების აკრძალვას.
გიორგი ტიგინაშვილის საჯარო პოსტს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ბექა ბარამიძეც გამოეხმაურა, რომელაც დაწერა, რომ მსგავსი პრეცედენტების აღკვეთის მიზნით, უახლოეს მომავალში ამ საკითხს სააგენტო საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთანაც განიხილავს.
ბექა ბარამიძის განცხადებით, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სპეციალისტთა ჯგუფი ხვალ დილიდან ადგილზე შეისწავლის.
მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან სამუშაოები თვითნებურად და სარესტავრაციო ნორმების სრული დარღვევითაა შესრულებული.
„ხოლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ე.წ. რეაბილიტაციის საპროექტო განაცხადით სააგენტოსთვის არავის მოუმართავს, რაც კანონის უხეში დარღვევაა“, - წერს ბექა ბარამიძე.