
ვის გადაუვადდება სავალდებულო სამხედრო სამსახური
20/07/2020 04:40:34 საშინაო პოლიტიკა
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ. აღნიშნული ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის. პროექტის ინიციატორი განათლების სამინისტროა.
საკანონმდებლო ცვლილებას პირველი მოსმენით დღეს განათლებისა და თავდაცვის კომიტეტებზე განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე წარადგენს.
მოქმედი ნორმის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო, რაც განათლების მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისკრიმინაციულ პირობებში აყენებდა.
უწყებაში იმედი აქვთ, რომ კანონპროექტი უმრავლესობის მხარდაჭერასაც მოიპოვებს და მეცხრე მოწვევის პარლამენტი აღნიშნულ ინიციატივას დაამტკიცებს.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, პროფესიული განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტია, ცვლილება კი პროფესიულ სასწავლებლებს მეტ მოქნილობას მისცემს, ახალგაზრდებს კი თვითრეალიზაციის მეტ შესაძლებლობას.
მისი თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება კანონპროექტის მიხედვით შესაძლებელი იქნება ერთჯერადად, ერთი პროგრამის დასრულების ჩათვლით, რაც ორ წელს გრძელდება. ორი წლის შემდგომ კი ახალგაზრდები კვლავ შეძლებენ სამხედრო ვალდებულების მოხდას სახელმწიფოს წინაშე. კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას ითვალისწინებს.