
მედია – "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი მკოიანი მოქალაქეს იარაღით მისდევს (ვიდეო)
20/07/2020 06:38:53 საშინაო პოლიტიკა, სამართალი
"საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მკოიანი მოქალაქეს იარაღით მისდევს", – იუწყება Akhalkalaki News.
"ჰენზელ მკოიანს ხელში უკავია იარაღი პისტოლეტი და მიზანმიმართულად მირბის სამველ პეტროსიანისკენ და პირდაპირ ესვრის მას", – წერს Akhalkalaki News და ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს იარაღით სავარაუდოდ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც.
ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია ცდილობს, შეიარაღებული დეპუტატი და მისი თანხმლები პირები მიწოლით შეაჩეროს, თუმცა მკოიანს ვერ იმორჩილებს. სავარაუდოდ დეპუტატი პოლიციას ყელში წვდება და ასე იშორებს, პოლიციელი მას იარაღს არ ართმევს და გვერდით იწევა.
როგორც Akhalkalaki News იუწყება, ეს კადრები 2020 წლის 26 მარტს არის გადაღებული, როცა მკოიანის სახლთან სროლა იყო და ამას მკოიანსა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ სამველ პეტროსიანს შორის დაპირისპირებას უკავშირებდნენ.