
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს
20/06/2019 09:34:01 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.
"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს და მეტიც - ვფიქრობ, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა.
გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართავზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ასევე პოლიტიკიდან.
და ბოლოს, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე.
მე ბაქოდან ვუერთდები საღამოს ღირსების აქციას და მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა შტოს, შეურთდნენ ამ აქციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხებში საქართველოს მთავრობაც, მოსახლეობაც, პოზიციაც, ოპოზიციაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია“, – ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.