
ანაკლიის პროექტი: ვინ ცდილობს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას – რუსეთი თუ ამერიკა?
20/06/2019 05:41:59 ეკონომიკა
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ საქართველომ უფრო აქტიურად უნდა განახორციელოს ანაკლიის პორტის პროექტი. შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პომპეოს განცხადება მიუღებლად შეაფასა. ქართული საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ ორივე - რუსული და ამერიკული მხარეები ერთმანეთს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.
მაინც როგორ განვასხვავოთ, სად არის ჩარევა, სად – მხარდაჭერა? - ამ კითხვას ამომწურავი პასუხი სპეცპროექტ “Пограничная ZONA”-სთან ინტერვიუში საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გასცა:
“ამერიკის საგარეო პოლიტიკური ელიტები ამ პროექტს ნამდვილად უთმობენ დიდ ყურადღებას, რადგან ორმა ამერიკულმა კომპანიამ ამ პროექტში საკმაოდ დიდი თანხები ჩადო. პომპეო თავისი განცხადებით ცდილობს, დაიცვას საქართველოში ამერიკული სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზეა მიმართული. მარტივად რომ ვთქვათ, მისი განცხადება, რომელსაც მეც სრულად ვიზიარებ, აქცენტირებულია თანხებზე – იმაზე, რომ ეს არის დასავლეთის სტრატეგიული ინვესტიცია საქართველოში და ხელისუფლებამ აქტიურად უნდა განახორციელოს ეს მდგრადი გრძელვადიანი პროექტი, რომელიც სამომავლოდ ქვეყანაში ბევრად მეტ დასავლურ ინვესტიციას მოიზიდავს, ან პირიქით – პროექტის არგანხორციელება მძლავრი ნეგატიური სიგნალი იქნება დასავლელი ინვესტორებისთვის, საქართველო კი, როგორც ცნობილია, დამოკიდებულია მსგავს გრძელვადიან ინვესტიციებზე, განსაკუთრებით - პერსპექტივის თვალსაზრისით. რაც შეეხება რუსეთს, კარასინს, იგი ამბობს, რომ მისთვის ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მიუღებელია... რატომაა მიუღებელია? ან რატომაა საერთოდ მისი გადასაწყვეტი, რა არის მისაღები, რა – მიუღებელი საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით?! ამერიკელები რატომ არ ვამბობთ, რომ Интер РАО-ს ინვესტიციები საქართველოში მიუღებელია?! რა თქმა უნდა, ამერიკა თავის თავს მსგავსი რამის თქმის უფლებას არ მისცემს! ამიტომაც კარასინისა და ზოგადად მსგავსი განცხადებები აღმაშფოთებლად მიმაჩნია. რომ შევაჯამოთ, მე ძალიან კარგად მესმის, რატომ წამოსწია პომპეომ ეს თემა და ნამდვილად არ მესმის, რა შუაშია აქ კარასინი და რუსეთი”.
რაც შეეხება თავად პროექტს, კარპენტერმა საქართველოსთვის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლება მის მნიშვნელობას მართლაც სათანადოდ აცნობიერებს, პროექტი ბოლომდე უნდა მიიყვანოს:
“ეს პროექტი მართლაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ნახეთ, როგორ მოქმედებს ჩინეთი (ჩინეთში ვგულისხმობ პროექტს “ერთი სარტყელი – ერთი გზა”), გადახედეთ ვაჭრობის სტრუქტურას... ანაკლიის პორტი – ეს არის პოტენციურად საკვანძო დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, იგი წარმოადგენდა ექს-პრემიერ კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, მაგალითად. და მართლაც, ეს რეალურად უმნიშვნელოვანესი პროექტია და ძალიან საჭირო საქართველოსთვის. თუმცა არსებობს რიგი კითხვები, კერძოდ, შეძლებს თუ არა საქართველოს მთავრობა გარკვეული გამტარუნარიანობის, ვაჭრობის გარკვეული სახეობების გარანტირებას. და ეს კითხვები ლეგიტიმურია. მე ვურჩევდი მთავრობას, თუ მართლაც აცნობიერებს ამ პროექტის მნიშვნელობას, გააგრძელოს მისი განხორციელება. ეს სწორედ ისაა, რასაც აკეთებს ჩინეთი: როდესაც მთავრობა აცნობიერებს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, იგი დგამს ნაბიჯს და იღებს ინვესტიციების გარანტირების პასუხისმგებლობას. იგივეს ვხედავთ იაპონიის და აშშ-ის, სხვა ქვეყნების შემთხვევაში”.