
„აშშ მოელის, რომ საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს“
21/07/2020 07:29:22 საგარეო პოლიტიკა
ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, „აშშ მოელის, რომ საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს“.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა საქართველოსთვის აშშ–ის ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„კონგრესის კომიტეტმა შესაბამისი კანონპროექტი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. ეს არის გზავნილი, რომ აშშ საქართველოს პარტნიორად რჩება და რომ ჩვენ ვაფასებთ ამ ურთიერთობას. ამასთან, ნიშნავს, რომ გვაქვს მოლოდინი, საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს. ეს კი მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ბოროტულ ზეგავლენას (კორუფცია, დეზინფორმაცია და მუქარები). ამ კუთხით მარცხის მაგალითი ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებაა, რომელმაც სწორედ კრემლის ზეგავლენის გამო ვერ წაიწია წინ. აშშ–ის კონგრესი მოელის, რომ ქვეყანაში იქნება უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და გამჭვირვალეობა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლის ზეგავლენას და იმ ზოგიერთ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომელიც ამ ზეგავლენის მომხრეა“, – განუცხადა ჰოჯესმა "აქცენტს“.
ცნობისთვის: 9 ივლისს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროეტს 2021 ფისკალური წლის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ, რომელშიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების შესაძლო შემცირებაზეც არის საუბარი.
კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021