
ბრეგაძე: "ხაზარაძესა და ბოკერიასაც დაიბარებენ"
21/07/2020 10:51:34 სამართალი
სუს-ში დაკითხვის შემდეგ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ მას გამომძიებლებმა კითხვები ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით დაუსვეს.
ბრეგაძის თქმით, მან თავად მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია „მარნეულში „ლელოსა“ და „ევროპული საქართველოს“ დესტრუქციული ქმედებების შესახებ“.
„იყო გამოძიების კითხვები ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით - რა აქცია ტარდებოდა და რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მას. მე ავუხსენი სუს-ის გამოძიებლებს, რომ „ქართული მარშის“ წევრები ვიმყოფებოდით დედაქალაქში და საერთოდ არ ვიცოდით ამ აქციის შესახებ. საუბარია 16 ივლისის აქციაზე, როდესაც დილიდან „ლელოს“ წევრები და იმამყულიევის წარმომადგენლები დადიოდნენ აზერბაიჯანულ სოფლებში და მოსახლეობას აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ „ქართული მარში“ დაძრულია რამდენიმე ავტობუსით და გვსურდა ძალადობის განხორციელება მარნეულის რაიონში. კიდევ კარგი დროულად მოხდა სიტუაციის დაწყნარება. მე ვფიქრობ, დაიბარებენ გიგა ბოკერიას და მამუკა ხაზარაძესაც, რადგან ამომწურავი ჩვენება მივეცი მათ სეპარატისტულ საქმიანობასთან დაკავშრებით“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლი უნდა აიღონ, რადგან სერგო ორჯონიკიძის მსგავსად, ნარიმანოვიც ბოლშევიზმის სიმბოლოა.
მარნეულში ბოლშევიკი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის და მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით, 16 ივლისს აქცია გაიმართა. აქციას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი და კიდევ ერთი პროპუტინული დაჯგუფების, "ზნეობის" ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი უძღვებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ფალავანდიშვილი და სანდრო ბრეგაძე რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ აქციებს ერთად ატარებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე თვეა, "რასობრივი დისკრიმინაციისა და ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივების" საქმეს იძიებს.
30 მაისს უწყებამ განაცხადა, რომ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები ქვემო ქართლსა და კახეთში "თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას [...]
აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით". – წერდა სუს-ი.
უწყება არ ასახელებდა, ვის გულისხმობდა "აღნიშნულ პირებში" და კონკრეტულად რა შემთხვევებს ეხებოდა გამოძიება.
გამოძიების დაწყებას წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადება უძღოდა, რომლითაც მან მარნეულის მერი ზაურ დარგალი, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის გამო გააკრიტიკა, ამ გადაწყვეტილებას უსინდისობა უწოდა და ძეგლის დემონტაჟისთვის "გონივრული ვადა" მისცა.
ეპისკოპოსი ამბობდა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციას არა მისი ეთნიკურობის, არამედ პიროვნების გამო ეწინააღმდეგებოდა.
გამოძიების ფარგლებში სუს-ში გამოკითხეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმოამდგენელი, თამთა მიქელაძე, ასევე, შეიხ მირთაგი ასადოვი და პარტია ახალი საქართველოს მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფუად ახრამანოვი.