
სასტუმრო „რედისონთან“ აქციის მონაწილეებმა კვერცხები და ბოთლები ისროლეს
20/06/2019 11:04:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
სასტუმრო „რედისონთან“ აქციის მონაწილეებმა კვერცხები და ბოთლები ისროლეს. არსებული ინფორმაციით, მათ იმ ადამიანებს ესროლეს კვერცხები, ვინც სასტუმროს ფანჯრებიდან უყურებენ გარეთ მიმდინარე მოვლენებს.
მანამდე კი მცირე ინციდენტი მოხდა თავად აქციის მონაწილეებს შორის. მათი ნაწილი ამბობს, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერიონ მიმდინარე პროტესტში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა სწორედ "რედისონში" გრძელდება მას შემდეგ, რაც პროტესტის შედეგად პარლამენტში სხდომა ჩაიშალა.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.