
"ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების, როგორც გუნდის"
20/06/2019 11:16:58 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების, როგორც გუნდის, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს.
თალაკვაძის თქმით, მომხდარი ფაქტი მმართველი გუნდისთვის მიუღებელია და ამბობს, რომ ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
„ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა ამ სესიას და როდესაც გაიხსნა სესია, რუსმა დეპუტატმა, რაც ჩანდა კიდეც კადრებში, დაიკავა თანაწამყვანის, თანათავმჯდომარის პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი და ამაზეც ჩვენი რეაქციაც იყო მყისიერად ადეკვატური. კიდევ ერთხელ გეუბნებით, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე უკლებლივ "ქართული ოცნების" ყველა ლიდერის. რაც შეეხება თვითონ ამ ინციდენტის და ამ ფაქტის შეფასებას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე პასუხისმგებლობის გადატანას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების, როგორც გუნდის. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს სხდომაზე ეს საკითხიც, სხვა საკითხებთან ერთად იქნება განხილვის საგანი, სათანადო შეფასებები გაკეთდება და მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და მასეთი რამ, აღარასდროს განმეორდება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გაკეთებულ განცხადებებსაც პასუხობს:
"თუ ვინმე თავისი სახელმწიფოს და ქვეყნის საქმეებს პასუხისმგებლობით ეკიდება და აკეთებს, ერთ-ერთი უპირველესი, პარლამენტში არის ირაკლი კობახიძე. ამიტომ ამ კონკრეტული სცენარის გამო, როდესაც შეთანხმებულზე, ბერძენ დეპუტატს წაეყვანა სხდომა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის ადგილი, უბრალოდ არა სერიოზულია პარლამენტის თავმჯდომარეზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, კერძოდ 18 ივნისს უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძე შემდეგს აცხადებდა: „დისკრედიტაციის ის მცდელობა, რომელიც ამ ასამბლეის სესიის მიმართ არის გარკვეულ მედიასაშუალებებში, მიკერძოებული და სუბიექტურია“.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.