Accentnews.ge
არის თუ არა შესაძლებელი პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტი

არის თუ არა შესაძლებელი პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტი

20/06/2019 11:34:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებისა და გადადგომისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით იმუქრება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ინპიჩმენტის პროცედურას ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ სანამ პროცედურას დავიწყებთ, იმისთვის, რომ დრო არ გაიწელოს (იმპიჩმენტს გარკვეული დრო სჭირდება) მას მოვუწოდებთ უმცირესობის სახელით, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თავად გადადგას ეს ნაბიჯი და ამით მოწმინდოს სირცხვილი პარლამენტს, რომელიც დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ“,– განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

თავად კობახიძე კი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამას ბაქოში ყოფნით განმარტავს.

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20  პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა,  რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის  ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“,– განაცხადა ბაქოში ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ.   

რა პროცედურებით ხორციელდება იმპიჩმენტი და რა ხდება იმპიჩმენტის შემდეგ, ამ კითხვით „აქცენტმა“ იურისტს მიმართა.  

ზოგადად პარლამენტის თავმჯდომარის დანიშნვა და გათავისუფლება პოლიტიკური პროცესია. თუ დეპუტატის გამოწვევისას რაიმე სამართლებრივ გარემოებაზე მითითებაა აუცილებელი, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის დროს ეს არაა საჭირო. თუ იარსებებს დეპუტატების უმრავლესობა, რომელიც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, არაფერი უშლის ხელს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება მოხდეს. ეს პოლიტიკური პროცესია“,– განუცხადა „აქცენტს“ საია–ს იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

მისივე განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების შემთხვევაში მის მოვალეობას ვიცე–სპიკერი შეასრულებს, შემდეგ კი უმრავლესობა ახალ კანდიდატს წარადგენს.

ცნობისთვის: ამ დროისთვის „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 26 დეპუტატით არიან წარმოდგენილი, იმპიჩმენტისთვის კი 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. შეძლებს თუ არა ოპოზიცია საჭირო ხმების მობილიზებას, ამ ეტაპზე უცნობია.   

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S