
ვენაში მოკლული მამიხან უმაროვის ნათესავებმა მის მკვლელობაში დამნაშავედ გამოიცხადეს თავი
22/07/2020 12:36:32 კავკასია
ვენაში მოკლულ პოლიტემიგრანტ მამიხან უმაროვის ნათესავებმა, რომლებიც ჩეჩნეთში ცხოვრობენ, მის მკვლელობაში დამნაშავედ გამოიცხადეს თავი.
მათ ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც ეს მკვლელობა ფაქტობრივად, თავის თავზე აიღეს.
«ყველა გვარს ჰყავს თავის რიგებში თითო ძაღლი. ჩვენში ასეთი ევროპაში მცხოვრები მამიხან უმაროვი იყო. ვეცადეთ მასთან კავშირის დამყარებასა და მის შეჩერებას, მაგრამ განგვიცხადა, რომ იძულებული იყო, ევროპის სპეცსამსახურების დაკვეთები ესრულებინა. მაშინ უმაროვის ნათესავებმა გავაცნობიერეთ, რომ აცილებელი იყო მისი შეჩერება ნებისმიერ ფასად. ჩვენ ის გავაჩერეთ, რადგან ვალდებულები ვიყავით, ეს გაგვეკეთებინა. ევროპაში ბევრი ადამიანი მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით უმიზეზოდ არის დაკავებული. რაც გაკეთდა, ჩვენს მიერ გაკეთდა. ეს ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. ნუ აწვალებენ უდანაშაულო ხალხს, დაანებონ თავი” – აცხადებს ვიდეოში მოკლულის ერთ-ერთი ნათესავი.
მიმართვას მხარი დაუჭირეს მოკლულის ბიძებმა მამისა და დედის ხაზით ვახა უმაროვმა და ლომ-ალი უსმანოვმაც:
«შევიკრიბეთ, რათა მივმართოთ ხალხსა და ჩეჩნეთის ლიდერს და ვითხოვოთ პატიება. ყველაფერი დამამცირებელი, რასაც მოკლული რამზან კადიროვისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ამბობდა, ჩვენი დამცირებაც იყო».
უმაროვი 4 ივნისს თავში გასროლით ვენის გარეუბანში მოკლეს. ბოლო დროს მას იუთუბ-არხი ჰქონდა დაარსებული და ხშირად მწვავედ აკრიტიკებდა რამზან კადიროვსა და მის გარემოცვას.
მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია ჩეჩნეთის ორი მვიდრი – სარალი ახტაევი და სალმან მაგამადოვი.
მკვლელობის საქმეს ავსტრიის ტერორიზმთან ბრძოლისა და კონსტიტუციის დაცვის სამმართველო იძიებს. მოტივები გამოძიების ჯერ საბოლოოდ არ გამოუკვეთია, თუმცა განხილვაში რჩება პოლიტიკური მკვლელობის ვერსიაც. ავსტრიის შს მინისტრმა მკვლელობის დამკვეთთა დადგენის პირობა დადო.7 ივლისს ვენაში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა კრემლისა და კადიროვის დაკვეთით ევროპაში ჩეჩნეთის მკვიდრთა მკვლელობები გააპროტესტეს.
თავის მხრივ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უმაროვის მკვლელობაში “უცხოური სპეცსამსახურები” დაადანაშაულა.