
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მანქანაში ნაპოვნ ნივთებზე საუბრობს
22/07/2020 13:30:50 სამართალი
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანიდან მედიკამენტები ამოიღეს. თუმცა, ადვოკატი გადაჭრით ამბობს, რომ პრეპარატები ფსიქოტროპული არ არის.
„ვერსია მრავალია, ძალიან ძნელია ჩემთვის ლაპარაკი, რადგან ძნელია იმის აღწერა, რაც ვნახე. მქონდა ექსპერტებთან საუბარი. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს: დეტალურად მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების ამოღება– დალუქვა. დაილუქა ის წამლები, რომლებიც მის ჩანთაში ნახეს. ზუსტად რა ტიპის პრეპარატებია, ვერ გეტყვით. ფსიქოტროპული პრეპარატები არანაირად არ არის, არის დასახელებები, მე არ ვიცი, ამას ექსპერტები იტყვიან, რა ტიპის პრეპარატებს განეკუთვნება, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ეტყობოდა თუ არა ძალადობის კვალი გარდაცვლილს, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ექსპერტები ისაუბრებენ:
„ექსპერტები იტყვიან, რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება. ასე დეტალურად გითხრათ, რა დაზიანებები აქვს, ვერ გეტყვით, რადგან მოგეხსენებათ, გარდაცვალების დროს აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი იმყოფებოდა გარდაცვლილ მდგომარეობაში. ვადების გამო იცვლება ფერი და ა.შ. ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს. სწორედ ამიტომ, ჩემი მოთხოვნით, ყველა კვალი, თუ რა გზით შემოვიდა მანქანა, ნიმუშები ავიღეთ, მერე რომ არ მომხდარიყო განადგურება“.
მისივე თქმით, ავტომობილში ასევე იყო გარდაცვლილის პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი, წერილებიც.
"ძალიან ბევრი პატარა წერილია - პატარა ფურცლები, არ არის დატოვებული ანდერძივით, თითქოს თავის მოკვლას აპირებდა. პატარა ფურცლებზეა ჩანიშნული, "გამოიყენეთ, ანაბარზე თანხა", ესეცაა დაწერილი. ვის მიმართაა დაწერილი, გასარკვევია. ყოველდღიურად რომ წერ, ეგეთი წერილებია. მაგის კალიგრაფიაც გასარკვევია“, - აცხადებს რამიშვილი.
როგორც ცნობილია, საქმეში ჩაერთვება წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.
მისი თქმით, ექსპერტი საწყის ეტაპზე ცხედარს გარეგნულად დაათვალიერებს, შემდეგ კი ლაბორატორიული კვლევებისთვის გარკვეულ ნიმუშებს აიღებს.
"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს გავუშვებთ და შემდგომში უკვე ადვოკატთან ერთად შევიმუშავებთ სტრატეგიას. ამ ეტაპზე ეს იქნება გარეგნული დათვალიერება და შემდგომში ალბათ იქნება აღებული გარკვეული ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის, რათა დადგინდეს გარდაცვალების უშუალო მიზეზი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა", - განაცხადა ჯიშკარიანმა.
თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ხუთი დღის წინ დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში დღეს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ. ამას წინ უძღოდა დაკარგული გოგოს ოჯახისა და ახლობლების საპროტესტო აქცია.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი მანქანით გადაადგილდებოდა.