2020 წლის მეორე კვარტალში, მიუხედავად შეზღუდვებისა, ავარიებში 69 ადამიანი დაიღუპა
22/07/2020 14:52:04 სამართალი
საქართველოს გზებზე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 1034 სატრანსპორტო-საგზაო შემთხვევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის კოდექსი ვრცელდება. შედეგად, იგივე პერიოდში 69 ადამიანი დაიღუპა, 1372 კი დაშავდა.
მონაცემები დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ანალოგიური შემთხვევების რაოდენობა 1236 იყო, დაღუპულთა მაჩვენებელი 134, დაშავებულთა – 1610.
აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალს ემთხვევა თითქმის ორთვიანი პერიოდი (31 მარტი-23 მაისი), როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებდა და მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ (გარდა სპეციალური საშვების მქონე პირებისა). ამასთან, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 17 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით აკრძალული იყო ავტომობილით გადაადგილებაც.
რაც შეეხება ავარიების მიზეზებს, სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ხშირ შემთხვევაში ესაა შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, ასევე სიჩქარის გადაჭარბება.


