
„თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი“
20/06/2019 11:45:09 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, იგი აცნობიერებს ხალხის სამართლიან მღელვარებას იმ ფაქტზე, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას რუსი დეპუტატი „კომუნისტური პარტიიდან“ სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
„მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა და გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მე მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ალბათ, მე უფრო მეტად უნდა მომენდომებინა საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას. თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი, ეგ არ არის პრობლემა. თუმცა, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ასამბლეები და საერთაშორისო ფორუმები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ეს არის ჩემი შეუვალი და ჩემი პრინციპული პოზიცია, იმიტომ, რომ სხვა ინსტრუმენტები, გარდა საერთაშორისო საპარლამენტო დიპლომატიისა, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნულ ინეტერსები, არ გვაქვს. რაც შეეხება ფორმას, ასამბლეის გამართვისას, ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება, აქ იყო დაშვებული შეცდომა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.
სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები ამჟამად სასტუმროსთან არიან შეკრებილები. მათ სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს.