ბაჩალიაშვილის მამის ცნობით, სამხარაულის ბიუროში ცხედრისთვის ყინული არ აქვთ
22/07/2020 19:46:20 სამართალი
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მის ბიძაშვილს უთხრეს, რომ ყინულის არ აქვთ და ცხედარს დღეს სახლში ვერ გადაასვენებენ. მამა ამბობს, რომ ოჯახმა იშოვა ყინული და შვილის გადასვენებას დილით შეძლებს.
მამამ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა შემთხვევის ადგილზე, სადაც თავადაც მივიდა დღეს და გამოთქვა გაკვირვება, პოლიციას სამძებრო სამუშაოებისთვის ხუთი დღე რატომ დასჭირდა:
„არავითარი დრონი არ გაუტარებიათ, არ ყოფილა ასეთი რამ. გზიდან, რომ გაიხედები ხელმარჯვნივ, როგორც ხელის გული, ისე ჩანს მანქანა – 50-60 მეტრში. წუხელ, რომ აქცია ჩატარდა, დილით გამოჩნდა ყველაფერი“.
მამას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მომხდარი ახალგაზრდის სამსახურს უკავშირდება.
„ორჯერ შევატყვე, რომ აღელვებული დაბრუნდა, სანამ პანდემია იქნებოდა. რამდენიმეჯერ მუშაობის პროცესში იყო განერვიულებული. უნდა დაიწყონ სამსახურის მხრიდან, სადაც მუშაობდა [გამოძიება], ბევრ რაღაცას მერე დავამატებ“,– განაცხადა მამამ.
მამა პოლიციის მოქმედებით უკმაყოფილოა.
„გამოძიებას კომპიუტერის გარდა არაფერი წაუღია. 2-3 დღე აქეთ-იქით დავდიოდით. ერთი იძახის, რომ გახსნილია [კომპიუტერი], მეორე – „არა, ჯერ ვერ გავხსენით“. დღემდე არავის მოუწოდებია ინფორმაცია, გაიხსნა თუ არა“, - ამბობს ბაჩალიაშვილი.
კომპანიიდა „ზეგის“ ოფისიდან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
კომპანიის პროგრამისტმა ნიკა გეჯაძემ, განაცხადა, რომ ოფისი მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან. სწორედ გეჯაძესთან მიმოწერა გავრცელდა დღეს, რომელშიც ბაჩალიაშვილი მას თხოვნით მიმართავს, უფროსობას გადასცეს, რომ სამსახურს ტოვებს.
თავად გეჯაძე ამბობს, რომ სამსახურის დატოვების საფუძვლად ახალგაზრდა სწავლის გაგრძელების სურვილით ხსნიდა და ამაზე ადრეც საუბრობდა, ამიტომ მას არ გაჰკვირვებია.
ის თამარს იხსენებს, როგორც პოზიტიურ ადამიანს და არ ჰქონია, რომ მომხდარი სამსახურს უკავშირდებოდეს.
გეჯაძის თქმით, ბაჩალიაშვილი იყო პროგრამისტი და „ზეგი“ მხოლოდ პროგრამებზე მუშაობს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი მოზარდმა მწყემსმა 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყესთან, ცენტრალური ავტომაგისტრალის მახლობლად, ავტომანქანაში ნახა და სამართალდამცველებს დაუკავშირდა. ადვოკატის თანახმად, იგი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იყო.
თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.


