
ცხინვალში აცხადებენ, რომ რუსეთმა გადასცა ძებნილი, რომელიც სააკაშვილის პირადი მცველი იყო
23/07/2020 06:39:52 კონფლიქტები, სამართალი
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთიდან ექსტრადირებულია 1981 წელს დაბადებული თემურ ძაპაროვი (ჯაფარიძე), რომელიც "ბრალდებულია 2002 წელს ცხინვალის ბაზრის მახლობლად ჯგუფურ შეიარაღებულ თავდასხმაში, ყაჩაღობაში, ორი, ან მეტი პირის მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში".
დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, "თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცხინვალის მილიციის ერთი თანამშრომელი და ერთი დაიჭრა".
"დანაშაულის ჩადენის შემდეგ ძაპაროვმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დატოვა და იმალებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, ახლო კავშირი ჰქონდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ირიცხებოდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაში“,- ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ძაპაროვმა პირადი მონაცემები შეიცვალა, რუსეთში გაემგზავრა და მოსკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში იმალებოდა თემურ ბატეევის სახელით. "ძაპაროვი რუსმა სამართალდამცავებმა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს", – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.