
გარდაბნის სოფლებში ზომები მკაცრდება
23/07/2020 07:21:07 რეგიონები, საზოგადოება
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ამდენად, ჯამში მუნიციპალიტეტში 36 შემთხვევაა რეგისტრირებული.
როგორც პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ვითარება საყურადღებოა და გამწვავების შემთხვევაში, საკარანტინო ზონების შესახებ მიიღება გადაწყვეტილება:
„განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. რაც არის ყურადსაღები, განსაკუთრებით თუ გავითავლისწინებთ, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებში გახლავთ ისეთი, რომ ბევრი მოქალაქე შრომობს თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზე. ამიტომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინო ზომების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზომები გამკაცრდა: ყარათაკლიას, აღთაკლიასა და ყარაჯალარის შესასვლელებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
მათთან ერთად იმყოფებიან მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც თერმოსკრინინგს ატარებენ. ყველა პირი მოწმდება, რომელიც აღნიშნულ სოფლებში გადაადგილდებიან. თერმოსკრინინგი მიმდინარეობს კარდაკარის პრინციპითაც.
პარალელურ რეჟიმში სოფლებში, სხვადასხვა ლოკაცაზე იმყოფებიან მობილური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას „კოვიდ-19“-ზე „პისიარ“ ტესტებს უტარებენ.
დღეს გარდაბანში 200 ტესტის პასუხს ელოდებიან.