Accentnews.ge
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა წარადგინა

23/07/2020 14:09:54 სამართალი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა წარადგინა.

"ყველასთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის თანამდებობა. როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ახალი წევრის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი; კონკურსში განაცხადი 14-მა კანდიდატმა წარმოადგინა. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები კი, 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა. ჩემი თანდასწრებით კი, თითოეულ მათგანთან გაიმართა გასაუბრება.

კონკურსების მიმართ ხშირად არსებული უნდობლობის გამო, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხაზი გაესვას ამ პროცესის სრულიად გამჭვირვალედ ჩატარებას. და დღეს მაქვს პატივი, საზოგადებას წარვუდგინო ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი - ქალბატონი თამარ ღვამიჩავა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 4 წლის ვადით ვნიშნავ.

ქალბატონი თამარ ღვამიჩავა არის სამართლის დოქტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

მას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

მჯერა, რომ ქალბატონი თამარი, როგორც არამოსამართლე წევრი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში, ასევე, სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რასაც სრულიად აცნობიერებს.

მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის საჭირო მთავარ მოთხოვნებს: დამოუკიდებლობას, თავისუფალ აზროვნებას, პროფესიონალიზმს.

ის არის და დარწმუნებული ვარ, იქნება, სრულიად დამოუკიდებელი. მინდა მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, შედეგიანი საქმიანობა და წარმატება ვუსურვო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

თამარ ღვამიჩავამ ორბელიანების სასახლეში გამართული წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აქტიურად ჩაერთვება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში.

,,მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე იყო აბსოლუტურად საჯარო და ღია. მთავარი, რასაც მინდა გავუსვა ხაზი, არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი, მისი ჩართულობა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და ეფექტიანად განხორციელების პროცესში ძალიან დიდია.

ასევე, მნიშვნელოვანია მისი როლი სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ჩემი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩავერთო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში", - განაცხადა თამარ ღვამიჩავამ.

ვინ არის თამარ ღვამიჩავა

თამარ ღვამიჩავა დაიბადა 1981 წელს ქ. გორში. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიღებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

თამარ ღვამიჩავას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი, 2008 და 2009 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენერთა საკვალიფიკაციო სემინარში ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, 2010-2011 წლებში Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა PHD დოქტორანტურის საფეხურზე ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში, 2011 წელს გაიარა სწავლების მეთოდიკის მასტერკლასი - ამერიკული სამართლის გაცნობა სტუდენტებისათვის, 2013-2015 წლებში გაიარა თანამედროვე სწავლების მეთოდების, კაზუსების ამოხსნის მეთოდების, ადმინისტრაციულ სამართალში კაზუსის განხილვის გერმანული მეთოდის კურსები.

2002 წლიდან დღემდე თამარ ღვამიჩავა მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თავდაპირველად იყო იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი, 2003 წლიდან - ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის ლაბორანტი, პარალელურად, 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში. 2005 წლიდან დღემდე არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

2006 წლიდან დღემდე თამარ ღვამიჩავა აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო სფეროში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მეცნიერთა რუსეს კავშირის ჟურნალსა და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალში, არის ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელოს თანაავტორი, გამოცემული აქვს პროფესორ მაია კოპალეიშვილის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კრებული.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არასამოსამართლე წევრის პოზიციაზე კონკურსი 25 ივნისს გამოცხადდა. ამ დღეს პრეზიდენტმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ანა დოლიძის განცხადება მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S