
ვასაძე – ქუცნაშვილს: "იდიოტი მეგონე, მოღალატე ყოფილხარ"
20/06/2019 12:14:46 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ბიზნესმენი ლევან ვასაძე დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც მაგ პარლამენტის დეპუტატის თანამდებობიდან. გაეთრიე მაქედან, რა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.
სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები ამჟამად სასტუმროსთან არიან შეკრებილები. მათ სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს.