
გზა მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისკენ — უნიკალური შანსი აფხაზეთის ახალგაზრდობისთვის
24/07/2020 09:46:34 კონფლიქტები
ოქსფორდი, კემბრიჯი, სტენფორდი, პრინსტონი, ჰარვარდი… მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებს შორის მათ წამყვანი პოზიციები უკავიათ. სულ ამ სიაში 198 სასწავლებელია. მსოფლიოს საგანმანათლებლო პროცესების კვლევები ყოველწლიურად სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ტარდება. ეს საერთაშორისო რეიტინგები საინტერესოა მათთვის, ვინც ირჩევს, რომელ ქვეყანაში ისწავლოს და უცხოეთში დასაქმებას გეგმავს.
ყველაზე «მაგარ» უნივერსიტეტებში სწავლაზე წვდომა ბევრს აქვს, მაგრამ აფხაზეთის მკვიდრთათვის ეს ნაკლებ სავარაუდო მოვლენაა და არა მარტო სიძვირის გამო. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ამ ფუფუნების შესაძლებლობას რომც იძლეოდეს, აფხაზური პასპორტი მსგავსი სასწავლებლებისთვის დოკუმენტს არ წარმოადგენს. ევროპის ქვეყნებში განათლების მიღება აფხაზეთის მკვიდრმა მხოლოდ რუსული პასპორტით შეიძლება, სცადოს. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდობა რუსულ უმაღლეს სასწავლებლებს სჯერდება. გასული თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში 10 000-მდე აფხაზმა მიიღო განათლება: ზოგმა — სახელმწიფო პროგრამით, ზოგმა — საკუთარი სახსრებით. თუმცა მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს მიღწევა მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლებამდე.
დიდი ნაწილი ახალგაზრდობისა, რომელსაც მაინც სურს, მიიღოს უმაღლესი განათლება და, როგორც შედეგი, იშოვოს სამსახური, აიწყოს კარიერა და მიაღწიოს გარკვეულ სიმაღლეებს, იძულებულია, აფხაზეთში დარჩეს. მის ფარგლებს გარეთ ცხოვრება ყოველწლიურად ძვირდება, ხოლო თავად რესპუბლიკაში ცხოვრების დონე პირიქით, ეცემა. ჰოდა, ნიჭიერ ადამიანებს სამშობლოში სწავლა უწევთ, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მიღებული ცოდნის სათანადოდ გამოყენების სამომავლო პერსპექტივის გარეშე.
შესაძლებლობების შეზღუდულობა — მოკლედ ასე შეიძლება, აღიწეროს განათლების მიღების მხრივ არსებული ვითარება აფხაზეთში, სადაც სხვადასხვა დონის სასწავლებლების სიმრავლის მიუხედავად, მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტებთან მეტ-ნაკლებად მიახლოებული განათლების მიღებაც კი ყველაგნ როდია შესაძლებელი.
«პროფესიის არჩევაზე ადამიანის მთელი მომავალია დამოკიდებული. იმას, თუ სად მიიღებს იგი განათლებას, როგორი იქნება იგი და, რაც მთავარია, როგორ შეძლებს ადამიანი სამომავლოდ მის გამოყენებას — უდიდესი მნიშვნელობა აქვს», - თვლის ჩვენი რესპონდენტი, სოხუმის მკვიდრი ასლან კ. მისივე თქმით, ხანდახან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც არიან უვიცები, ამდენად, ბევრი რამ თავად სტუდენტზეცაა დამოკიდებული, თუმცა, ცხადია, ყველა ისურვებდა სწავლას ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც დიდი სამყაროსკენ გზას ხსნიან.
«ჩვენ არჩევანის შესაძლებლობას მოკლებულები ვართ. თუ გაგიმართლა და მსხვილ რუსულ უმაღლეს სასწავლებლეში მოხვდი – უკვე იღბლიანი ხარ და ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო — მეტზე ოცნებაც არ ღირს», - დარწმუნებულია ასლანი.
მოსკოვის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის მე-4 კურსის სტუდენტი ადგურ მ. აღნიშნავს, რომ «განათლების მიღება არა პრინციპით «რაც არის, ის აირჩიე», არამედ პრინციპით «აირჩიე, რაც გსურს» - ეს თითოეული ადამიანის უფლებაა, განურჩევლად იმისა, აფხაზეთიდანაა იგი თუ სხვა ქვეყნიდან, მაგრამ აფხაზური ახალგაზრდობა ამ უფლებას მოკლებულია». «იმ იღბლიანებს, რომლებმაც არსებული სისტემის გვერდის ავლით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრა შეძლეს, წარმატებებს ვუსურვებ. ნუ დაბრუნდებით! ვერც შინ, ვერც რუსეთში შეძლებთ მიღებული ცოდნის გამოყენებას, საკუთარი ნიჭის რეალიზებას», - ამბობს ახალგაზრდა.
კითხვაზე, «და როგორ უნდა აუარო გვერდი სისტემას?», ხმამაღალი სიცილით აცხადებს, რომ «ამ საიდუმლოს ვერ გაამხელს, რადგან მერე შესაძლოა, მისი თანატოლებისთვის ეს ერთადერთი გზაც დაიბლოკოს».
როგორც ირკვევა, დიდ სამყაროში - უცხოეთში გასვლის მცდელობები ყველასთვის წარმატებული როდია. ხშირ შემთხვევაში იმისთვის, რომ ევროპული განათლება უფასოდ მიიღო, აფხაზეთის მაცხოვრებლებს საქართველოში გასვლა უწევთ. ზოგიერთი საქართველოშივე აბარებს, ერთეულები კი გზას აგრძელებენ. ამ საქმეში დახმარებას ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ, რომლებიც, აფხაზეთის მკვიდრთათვის მსოფლიოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობას, ასე ვთქვათ, პოლიტიკის მიღმა იძლევიან.
ალიან ა. უცხოეთში სწავლაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი გოგოსთვის აფხაზური სოფლიდან განუხორციელებელ ოცნებად მიაჩნდა. როდესაც საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისა და იმ სტუდენტების შესახებ შეიტყო, რომლებმაც მასში უკვე მიიღეს მონაწილეობა, გულში იმედი კვლავ ჩაესახა. «არასოდეს უნდა შეგეშინდეს, რაიმე შეცვალო შენს ცხოვრებაში. ახალგაზრდობა მხოლოდ ერთხელ გეძლევა და როდის, თუ არა ახლა უნდა მოცადონ აფხაზმა ახალგაზრდებმა ეს შესაძლებლობა?!», - ამბობს გოგო. ამჟამად იგი აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს, რომელშიც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით მოხვდა. «არ ვნანობ, რომ სასწავლებად რუსეთში არ წავედი. მე ვიპოვე ახალი მეგობრები, გავაცნობიერე მნიშვნელოვანი სხვაობა აშშ-სა და რუსეთს შორის და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მომავალი უზრუნველყოფილია», - ამბობს ალინა.
ცხადია, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტით პრესტიჟულ უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება შეუძლებელია. ეს შეიძლება, მხოლოდ რუსული პასპორტით სცადო (და ისიც ყოველთვის როდი ჭრის). სწორედ ამგვარი სიტუაციებისთვის შეიქმნა პროგრამა, რომელიც აფხაზეთის ნებისმიერ მაცხოვრებელს, განურჩევლად ასაკისა, სასურველი განთლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. და რა სპეკულაციებიც არ უნდა ვრცელდებოდეს ამ თემის ირგვლივ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების აუცილებლობა აქ არ დგას: განათლების მიღების ეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფლობას არ საჭიროებს. კერძოდ, სამშვიდობო ინიციატივის «ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ» ფარგლებში შექმნილია სრულიად ნეიტრალური ინსტრუმენტი – რესგისტრაცია პირადი ნომრით: ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება და სრული დაფინანსების მიღება შესაძლებელია ინდივიდუალური ნომრის საფუძველზე, რომელიც აფხაზური საბუთების მქონე პირებზეც გაიცემა.
გარდა ამისა, ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს აფხაზეთში მიღებული საშუალო და უმაღლესი განათლების აღიარების სრულიად ნეიტრალურ პროცედურას: აღიარების დოკუმენტის მიღება საქართველოს მოქალაქეობის მიღების, ასევე მოწმეების წარდგენის გარეშე, ენგურის გადაუკვეთავადაც კია შესაძლებელი – ონლაინ-განაცხადის წარდგენის გზით, მათ შორის - აფხაზურ ენაზეც, როგორც პირადად, ისე პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის მეშვეობით. აღიარების ამგვარი დოკუმენტი როგორც სწავლის გაგრძელების, ისე დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.
ამასთან, ქართული ენის არმცოდნე აფხაზი ახალგაზრდებისთვის შექმნილია განსხვავებული, 1+4 პროგრამა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს უნივერსიტეტებში მხოლოდ აფხაზური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მოხვდე. აფხაზეთის რეგიონიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრილი სტუდენტი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით და განათლებას სრულიად უფასოდ იღებს. ამასთან, მას შესაძლებლობა აქვს, ისწავლოს როგორც ქართულ-, ისე რუსულ- ან ინგლისურენოვან ფაკულტეტზე, ხოლო სწავლის პროცესში ან მისი დასრულების შემდგომ განათლების მიღება საერთაშორისო სტიპენდიითა და პროგრამით განაგრძოს.
ქართული უმაღლესი სასწავლებლები ასობით საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხვედრის შესაძლებლობას ქმნიან. ამასთანავე, ისინი საშუალებას აძლევენ სტუდენტებს, მიიღონ სტიპენდია და უფასოდ ისარგებლონ ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით. ამიტომაც უამრავი უცხოელი სტუდენტი ამჯობინებს, განათლება სწორედ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღოს, რომლებსაც ორმხრივი ურთიერთობები აქვთ ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან.
სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობისას აფხაზ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, უცხოეთში მიიღონ განათლება და უკან — აფხაზეთში მაღალი დონის სპეციალისტებად დაბრუნდნენ არა მარტო მთელს მსოფლიოში აღიარებული დიპლომებით, არამედ მუშაობის ფასდაუდებელი გამოცდილებით.
ყველა ჩვენი ინტერვიუერი ერთხმად მოუწოდებს თანატოლებს, გამოიყენონ ნებისმიერი შანსი განათლების უცხოეთში მისაღებად. «თუ არ გსურთ, წლების შემდეგ ინანოთ ხელიდან გაშვებული შსაძლებლობების გამო, იმოქმედეთ! სანამ ფიქრობთ, რა მოიმოქმედოთ, ამ უნიკალურ შანსს ვიღაც სხვა გამოიყენებს», - ამბობენ ახალგაზრდები.
სწავლის, აქ და ახლა არსებობის, ცხოვრებისეული გეგმების სახვისა და მათი განხორციელების შესაძლებლობა – ეს პლანეტაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა. იგი არ უნდა იზღუდებოდეს არც პოლიტიკით, არც ტერიტორიებით, არც ცალკეულ პოლიტიკოსთა თუ სხვა პირთა შეხედულებებით. ესაა, არსობრივად, ახალგაზრდა თაობის არჩევანი და თუ მას ხელს არ შევუშლით, შედეგებმა უკვე უახლოეს მომავალში შეიძლება, შეცვალოს აფხაზეთის რეალობა.
კრისტინა ავიძბა
________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში გამოიყენება
_________________________________________________________________
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას
_________________________________________________________________
მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება