
პანკისის ხეობაში ერთმანეთს ორი ჯგუფი დაუპირისპირდა, არიან დაზარალებულები
24/07/2020 12:43:02 სამართალი, რეგიონები
პანკისის ხეობაში ერთმანეთს ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. პანკისის სათემო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, რომელსაც RADIOWAY ავრცელებს, დუისში დაპირისპირების შედეგად, მატანის მკვიდრები დაზარალდნენ.
"ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ დუისში, უმნიშვნელო ამბავზე დაიწყო და არასწორი ქმედებებით, სამწუხაროდ, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაზარალდა მატანში მცხოვრები ორი ადამიანი. იმავე საღამოს, კონფლიქტი მატანში გაგრძელდა, სადაც პანკისის მცხოვრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამ ინციდენტების შესახებ პოლიციისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გუშინვე გახდა ცნობილი. დღეს, სოფელ მატანის მცხოვრებლებმა პანკისის ხეობაში შესასვლელი გზის გადაკეტვა სცადეს. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებიდან არც ამჯერად გამოჩენილა ვინმე, ვინც ვითარების დამშვიდებასა და კონფლიქტის მოგვარებას შეეცდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, "ერთერთი, ვისაც ფიზიკურად შეეხნენ, მისი ძმაა".
"უდანაშაულოებზე ხელის აწევა, ცემა არ არის გამართლებული საქციელი, ამას არავინ გაპატიებთ, მოსულია ჩხუბი, შერიგებაც მაგრამ გზების გადაკეტვა, საერთოდ უდანაშაულო ადამიანის ცემა მიუღებელია - როგორც ახლა, ამ შემთხვევში, ჩემს ძმაზე აწიეთ ხელი. მე ამას არ მივესალმები და არც არავის შევარჩენ", - წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.
"აქცენტი" მომხდართან დაკავშირებით შსს–ს დაუკავშირდა, უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.