სადავო ტვირთი: „ბაქოს ქცევა არაპარტნიორულია, მაგრამ არც თბილისისაა შორსმჭვრეტელური“

24-07-2020 17:22:27 კავკასია ,კომენტარი

საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების შემდეგ, „დაუზუსტებელი ინფორმაცია“ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ უწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედიასაშუალების Haqqin.az–ის სარედაქციო წერილებს, საქართველოს გავლით სომხეთში იარაღის შესაძლო ტრანზიტის თაობაზე.

გახარია ამბობს, რომ ოფიციალური თბილისი საერთაშორისო კანონის ფარგლებში ასრულებს მოვალეობას და პოლიტიკური პრობლემები არ ექმნება, ხოლო Haqqin.az–ის ცნობები საყურადღებო იქნება მაშინ, როდესაც „ორ ქვეყანას [საქართველოსა და აზერბაიჯანს] შორის რაღაც მსჯელობის საკითხი გახდება“. თუმცა განსხვავებულად ფიქრობს ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი. მაგალითად, კონფლიქტოლოგი, „ლელო საქართველოსთვის" წევრი გიორგი კანაშვილი, იმის გათვალისწინებით, რომ სადღეისოდ აზერბაიჯანში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ურთულესი ვითარებაა, ის Haqqin.az–ის სარედაქციო წერილების ოფიციალური ბაქოს გაღიზიანების გამოხატულებად განიხილავს და იმედს იტოვებს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებაშიც ესმით, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. ამ კონტექსტში კანაშვილი შეცდომად მიიჩნევს თავად იმ ფაქტს, რომ საგაზეთო პუბლიკაციას თბილისში ოფიციალური, მაღალი დონიდან უპასუხეს:

„დაეტოვებინათ უპასუხოდ და მომხდარიყო კონტაქტი აზერბაიჯანულ მხარესთან; ან მოქცეულიყვნენ ისე, როგორც აზერბაიჯანული მხარე მოიქცა – ეპასუხათ არაოფიციალურად – მედიასაშუალებით.

ვფიქრობ, აზერბაიჯანული მხარის ქცევა სრულიად არასერიოზული, არაპარტნიორულია, მაგრამ არც ქართული მხარის ნაბიჯია შორსმჭვრეტელური: საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის შემდეგ Haqqin.az–მა დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა ფოტოებითურთ და საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ მასთან ეპისტოლარულ ჟანრში უნდა წარმართოს დისკუსია? – ეს უწყების მხრიდან საკუთარი სტატუსის დაწევაა.

რაც შეეხება ბაქოს, ვიმეორებ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა გაგება შეიძლება: კონფლიქტია, სერიოზული მსხვერპლი ჰქონდათ, მაღალი რანგის სამხედრო დაეღუპათ, სამხედრო შეტაკებები აზერბაიჯანისთვის წარუმატებელი იყო და რაღაც თვალსაზრისით, 2016 წელს მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობაც დაკარგა – ამ ფონზე, შესაძლოა, განერვიულებულები არიან და საქართველოს პოზიციით გაღიზიანებულებიც“.

სომხური და აზერბაიჯანული სამხედრო ტვირთებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაში კი კონფლიქტოლოგი პრობლემას ვერ ხედავს, თუ ბალანსი დაცულია:

„მთავარია, პარიტეტულობა იქნეს დაცული, იყოს შეთანხმებული, არ შეუწყო ხელი ბალანსის დარღვევას და ეცადო, ტრანზიტი ისეთ დროს არ განხორციელდეს, როდესაც დაპირისპირება მაღალი ინტენსივობისაა. აღნიშნული მიდგომა ყარაბაღის კონფლიქტთან და სომხურ–აზერბაიჯანულ ურთიერთობებთან მიმართებაში ქართულ პოზიციას უკავშირდება. საქართველოს ყველა ხელისუფლება ართმევდა თავს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბალანსის დაცვას. მართალია, თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა [საქართველოს პრეზიდენტი] საკუთარი არაპროფესიონალური განცხადებებით ერევანსა და ბაქოსთან ურთიერთობის გაუარესება მოახერხა, თუმცა, ჯამში პოლიტიკური მიდგომის გადახედვა არ მომხდარა“.

რა სწყინს ბაქოს

Haqqin.az ირგვლივ მსჯელობაში კონფლიქტოლოგი წერილების შინაარსზე მეტად პრობლემას დისკომუნიკაციასა და სტრატეგიული პარტნიორის გარკვეულ გაღიზიანებაში ხედავს.

„ამას ერთვის დავით–გარეჯის თემაც და შესაძლოა, სხვა საკითხები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით – ეს უკმაყოფილება აშკარად იგრძნობა.

დავაკვირდეთ მოვლენებს და დავსვათ კითხვა – რატომ ახლა? თუ ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ ვიმსჯელებთ, ბოლო პერიოდში ესკალაციის დონე იზრდება: თუ აქამდე დაპირისპირება უშუალოდ ყარაბაღის კონტექსტში იყო, ახლა სახეზეა ორი ქვეყნის პირდაპირი დაპირისპირება: იყო ცნობები რუსეთსა და ევროპაში სომხური და აზერბაიჯანული თემების დაპირისპირების შესახებ. მხარეები შეეცდებიან, რომ საქართველოს პოზიცია თავიანთ მხარეს გადაწონონ. იქნება მზარდი გაღიზიანება ბაქოს მხრიდან, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოზე ზეგავლენის ბევრი ბერკეტი აქვს. ამ ფონზე ჩვენ მაქისმალური ყურადღება და ინტენსიური კონტაქტი გვმართებს თავად აზერბაიჯანულ მხარესთან, განმარტება, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის რომელიმე მხარის სასარგებლოდ პოზიციონირება. რაც შეეხება ტვირთებს, მაქსიმალური სიფრთხილით, ყველა აქტორთან შეთანხმებით უნდა გავიდეს – აქ შეცდომები ჩვენთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება“.

რატომ არ უნდა ჩაერთოს საქართველო კონფლიქტში

კონფლიქტოლოგის შეფასებით, კონფლიქტის ჩართვა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პროექტის ჩავარდნას გულისხმობს:

„ჩვენც გვყავს აზერბაიჯანული და სომხური თემები (გვაქვს, აფხაზეთი, ცხინვალი), კონფლიქტში ჩართვა კი საქართველოს დაშლას ნიშნავს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს სამხრეთის საზღვრებზე ჩვენი ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთთან შევიდნენ კონფლიქტში – ეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პროექტის ჩავარდნა იქნება, მით უფრო, თუ აფეთქება შიგნიდან მოხდა“.

ამასთან, რისკები იზრდება საქართველოს სამეზობლოში შეტაკებების ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდაში, მით უფრო, რომ რადიკალიზაციის დონე უკვე მაღალია:

„თუ ფართო მასშტაბი მიიღო სამხედრო მოქმედებებმა, მასში უკვე სხვა მხარეები ჩაერთვებიან – თურქეთი [აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი], რუსეთი [სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი]... მაღალი რისკები ჩნდება, მათ შორის იმის, არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება. და ზოგადად, უცნაურია, მაგრამ ყარაბაღის კონფლიქტი მთლიანად რეგიონისთვის პოლიტიკურ–ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით შემაფერხებელია.

მსმენია შეფასებები, თითქოს საქართველომ სომხურ–აზერბაიჯანული კონფლიქტით ისარგებლა: საქართველოს სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდა და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს ვითარების სრულიად არასწორი აღქმაა: რეალურად, მსგავსი კონფლიქტები იმდენად აზარალებს რეგიონებს, რომ შეუძლებელს ხდის შიდა ინტეგრაციულ პროცესებს, ეკონომიკურ თანაშრომლობას, მცირე ევროკავშირის მოდელს, იზრდება გარეაქტორების როლი – რომ არა ეს კონფლიქტი, რუსეთს ნაკლები ბერკეტი ექნებოდა, შიდა ინტეგრაციული პროცესი კი სხვა მიმართულებით განვითარდებოდა. ამდენად, ყარაბაღის კონფლიქტი რეგიონის ერთიანი განვითარების შესაძლებლობას სპობს. ხოლო თავად კონფლიქტში საქართველოს რაღაც სახით ჩართვა, ეგზისტენციალურ რისკებს წარმოშობს“.

იმ ფონზე, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის შიდა რეიტინგი კორონავირუსისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე იკლებს, კანაშვილი ხედავს პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების გაღვიძების, პროვოკაციების ან ახალი კონფლიქტების რისკს, რაც რუსეთის მხრიდან წარსულში არაერთგზის ნაცადი ხერხია:

„არ გამოვრიცხავ, ეს ინსტრუმენტი ისევ იქნას გამოყენებული – ყველა კონფლიქტში აწეულია რისკების დონე. სამწუხაროდ, ამ პროცესებს ყურადღებას არ ვაქცევთ“

რა მიმართულებით უნდა მუშაობდეს თბილისი

კანაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და იმ შეცდომების არ დაშვება, რასაც Haqqin.az–ის კვალდაკვალ ვუყურებთ; წარმოქმნილი რისკების თაობაზე ინტენსიური საუბარი პარტნიორებთან და უნდა განახლდეს 10–წლიანი დაძველების უსაფრთხოების დოკუმენტები:

„საქმე იმაშია, რომ ჩვენ მთავრობას არ აქვს ხედვა, საიდან მოდის რისკები და აქტიურად რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. გასაგებია, რომ გარე რისკები არსებობს, მაგრამ მთავარია, შენ როგორ ხვდები მათ. ჩვენი სახელმწიფო კი არანაირად არაა მზად არც ერთი სცენარისთვის, რომელიც შესაძლოა, რეგიონში განვითარდეს“,– დასძენს კანაშვილი.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები