
“გირჩი“: "დღეს საპატრიარქოსთან ეკლესიის პრორუსულ პოლიტიკას გავაპროტესტებთ"
20/06/2019 13:49:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკური პარტია “გირჩი“ დღეს საპატრიარქოსთან აქციას გამართავს.
ამის შესახებ განცხადებას “გირჩი“ ავრცელებს.
“დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც უნდა ჩატარებულიყო პარლამენტში, ჰქვია “მართმადიდებლური პარლამენტთაშორისი ასამბლეა”. რუსეთის წარმომადგენელი ამ ღონისძიებაზე იყო რუსული სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. მან საპარლამენტო დარბაზში სპიკერის ადგილი დაიკავა და გამოსვლა რუსულად დაიწყო. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მასპინძელი არის საქართველოს საპატრიარქო.
ასეთი ტიპის ინსტრუმენტები რუსეთის ხელისუფლებას აქვს ძალიან ბევრი და ის მას ე.წ. “რბილი ძალის” ფარგლებში იყენებს და მისი მთავარი დამხმარე ძალა ამ საქმეში არის საპატრიარქო, საპატრიარქოს შიგნით გაბატონებული პრო-რუსული ძალები,“ – ნათქვამია “გირჩის“ განცხადებაში.
ორგანიზატორების თქმით, საპატრიარქოსთან აქციის გამართვის შემდეგ 19:00 საათზე უკვე საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ და ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.