ერთ კვირაში COVID-19–ით სამედიცინო სექტორის 14 წარმომადგემელი დაინფიცირდა
27/07/2020 08:25:17 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვიტარება სეაფასა და განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემთხვევების ზრდის დინამიკა გვაქვს: 20-26 ივლისის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში ერთად არის 98 შემთხვევა. აქედან 22 გახლავთ გაჩიანთან დაკავშირებული შემთხვევები, 14 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 13 იმპორტირებული. იმპორტირებულებს შორის იყვნენ ასევე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში ვირუსით სამედიცინო პერსონალის 14 წარმომადგენელი დაინფიცირდა:
„ლილოს და ზოგადად გაჩიანთან კონტაქტირებულები გამოვლენილი გვყავს 14. ამავე დროს, ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვაქვს სამედიცინო პერსონალის 14 ინფიცირება“.
რაც შეეხება ზოგადად, მსოფლიოში არსებულ ვითარებას, გამყრელიძის შეფასებით, სიტუაცია კვლავ მძიმეა, თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი სულ უფრო მცირდება.
„7-დან 4%–ზეა ჩამოსული [სიკვდილიანობის მაჩვენებელი]. იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 62% –ზეა ასული. ჩვენს რეგიონში კი სიტუაცია კვლავ დაძაბულია: ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში არის შემთხვევათა სერიოზული რაოდენობა – შემთხვევათა რაოდენობა იზრდება სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ასევე, თურქეთში, თუმცა შედარებით ნაკლები ინტენსივობით. სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ყაზახეთში, ყირგიზეთში“.


