
კალაძე: "ირაკლი კობახიძემ რასთან დაკავშირებით უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?"
20/06/2019 14:08:38 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ირაკლი კობახიძემ რასთან დაკავშირებით უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?" - იკითხა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სერგეი გავრილოვის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მან თანაგუნდელებთან ერთად ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს.
"რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა გუნდი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტში არ უნდა ჩატარებულიყო ეს შეხვედრა, მითუმეტეს, სპიკერის ადგილზე რუსი დელეგატის განთავსება, ესეც კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის. ორგანიზატორებს მოუწევთ, გააკეთონ განმარტებები, თუ რა მოხდა, ვისი ბრალეულობა იყო, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.
არც ჩემთვის, არც ჩემი თანაგუნდელებისთვის, არავისთვის არ იყო მისაღები ის ფორმა, რაც დღეს ვნახეთ. ალბათ, კარგი იქნებოდა, ეს სხვა ადგილას ჩატარებულიყო და მითუმეტეს, კატეგორიულად მიუღებელი იყო, როცა ჩვენ ვიხილეთ რუსი დელეგატი სავარძელში", - თქვა კალაძემ.
კითხვაზე, ვის ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ქართული ოცნების გენერალური მდივანი პასუხობს - "რაღაცების გაპრავება რომ არ გამომივიდეს, ფაქტი, არის ძალიან ცუდი, ირაკლი არ იმყოფება საქართველოში, როცა დაბრუნდება, განმარტავს ყველაფერს, ასევე ორგანიზატორი ვინც იყო, ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს ყველაფერს თუ როგორ უნდა წარმართულიყო ეს სხდომა, ვინ სად უნდა მჯდარიყო, ვის უნდა წაეყვანა და ა.შ. თვითონ ახსნიან და ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, როგორც წარიმართა მოვლენები, ასე არ ყოფილა დაგეგმილი და ასე არ უნდა მომხდარიყო".