
"ახლა სიფრთხილეა საჭირო, რომ ბოლოს ისევ სახტად არ დავრჩეთ ჩვენც და ჩვენი ქვეყანაც"
20/06/2019 14:13:26 ციტატა
„ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ხელისუფლება გაზულუქებულია, ყველაფერი გასდის, კონსტიტუციაც თავისთვის შეიქმნა, საარჩევნო კოდექსიც, სასამართლოც, ყველაფერი... ხალხი კი აქაოდა "ნაციონალურ მოძრაობას" არ ავყვეთო, ყველაფრის უფლებას აძლევდა ქართულ ოცნებას", არჩევნებიდან დაწყებული, ყველა სხვა დანარჩენით დასრულებული.
ახალ და საინტერესო სახეებს კი არც ამჩნევდა, მაინც ძველ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს უყურებდა საზოგადოება. თუ მაინცდამაინც ასე იყო, რამდენჯერ გვითქვამს, არ გვინდა ძველი ხელისუფლება, ნუ მივცემთ ხმას, მაგრამ მათ გამო წინააღმდეგობას ნუ შევცვლით ხელისუფლებისათვის კომპრომისით.
როდესაც არჩევნები ჯიბეში აქვს ხელისუფლებას, წინააღმდეგობის გარდა სხვა მექანიზმი არ არსებობს მასზე ზეწოლისათვის, პროტესტი, თანამშრომლობაზე უარის თქმა, ბოიკოტი და ა. შ. და ეს არ ნიშნავს რევოლუციას, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ, ეს ნიშნავს ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობას.
და კიდევ მეტი უბედურება იცით რა მგონია - ის, რომ განცდა მიჩნდება, ისევ დღევანდელი ძალაუფლების ცენტრ(ებ)ის ინტერესია ამ ყველაფერში და სრულიად მართული პროცესია სახელისუფლო გადალაგების მიზნით რომელიმე შიდა გავლენის სივრცის სასარგებლოდ.
რადგან დღემდე მიმდინარე მოვლენებში ჩვენი ჩართულობით ისევ ჩვენი, საზოგადოების გამოყენება ხდებოდა და არა საზოგადოების მიერ მართვა, ახლაც სიფრთხილეა საჭირო, რომ ბოლოს ისევ სახტად არ დავრჩეთ ჩვენც და ჩვენი ქვეყანაც“.
წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია