ვაშაძე - ჩხარტიშვილზე: "2018 წელს შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ ჩემი მეუღლის ნათესავი არ იყო?!"

27-07-2020 19:29:14 საშინაო პოლიტიკა

"2018 წელს შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ ჩემი მეუღლის ნათესავი არ იყო?!", – ასე ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებას.

„ეს სასაცილო ბრალდება გახდა, ყვითელი პრესის დონეზე დავიდა ეს საკითხი. 2018 წელს [„ძალა ერთობაშიას“] შტაბის უფროსი რომ ვიყავი, მაშინ, ჩემი მეუღლის ნათესავი არ იყო [ვანო ჩხარტიშვილი]?! ჩემი აზრით, რაც ხელს შეუშლის ოპოზიციის გამარჯვებას, ეს არის ოპოზიციურ ლიდერებზე თავდასხმა“, – განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში.

27 ივლისს „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტიის „კანონი და სამართალი" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა - „სტრატეგია აღმაშენებელი" შექმნეს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი ვაშაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. მან ოფიციალურად დატოვა გაერთიანების რიგები.

გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყოფითი შეფასება მოჰყვა. სალომე სამადაშვილმა ყოფილი პოლიტიკური პარტნიორის დაფინანსების შესაძლო წყაროზე გააკეთა აქცენტი. „ჩვენი მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაცვაა. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს. როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია და, ალბათ, მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები