Accentnews.ge
მამა ანდრია: "გავრილოვმა გვითხრა, რომ არასდროს აუღია იარაღი საქართველოს წინააღმდეგ"

მამა ანდრია: "გავრილოვმა გვითხრა, რომ არასდროს აუღია იარაღი საქართველოს წინააღმდეგ"

20/06/2019 07:16:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპატრიარქოს პრეს–სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა უთხრა, რომ არასდროს აუღია იარაღი საქართველოს წინააღმდეგ.

"იმის გათვალისწინებით, რომ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ამჟამად მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მისასალმებელი სიტყვა იყო უაღრესად ღირსეული.

ბ-ნი ი.კობახიძის სიტყვა შეიცავდა მკაფიო მინიშნებებს, რომ ქვეყნებისათვის მართლმადიდებლობის დეკლარირება არაფრის მომცემია, თუ ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა, ხელყოფს მეორე მართლმადიდებლური ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. და ისეთი ფორმატი, როგორიცაა საპარლამენტო სამიტი, ამგვარი უსამართლობის აღმოფხვრას უნდა უწყობდეს ხელს.

საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები შევხვდით და ვესაუბრეთ თავად ს. გავრილოვსაც. ჩვენის მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და გადავეცით მთელი მოსახლეობის წუხილი და აღშფოთება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მათივე სახელითაც ვთხოვეთ ზოგიერთი განმარტება.

მათ შორის ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა.

რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით. საუბარში მონაწილეობდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გრიგოლი (კაცია) და მე.

ს.გავრილოვმა საჭიროდ ჩათვალა და ასევე განგვიმარტა, რომ არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ამის შესახებ ვრცელდება ინფორმაციაო.

მიღების დასასრულს უკრაინის ელჩთან გვქონდა საუბარი საერთო სატკივარზე რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში" - წერს ჯაღმაიძე "Facebook"-ში პირად გვერდზე.

მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S