
დეკანოიძე – უგულავას პასუხობს: "საკომუნიკაციო არხები არ დაგვიხურავს, გაუგებარია, რატომ ხდება ჩვენი თითქოს გადაწყვეტილების გაჟღერება სხვა პარტიის მიერ"
27/07/2020 17:40:09 საშინაო პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან საკომუნიკაციო არხები არ დაუხურავს.
"ბოლომდე ეს საკომუნიკაციო არხები ამ კოორდინაციის არ ყოფილა დახურული, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ხდება ჩვენი თითქოს გადაწყვეტილების გაჟღერება სხვა პარტიის მიერ. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, შევთანხმდებით და წარვადგენთ იმ პოზიციას, რომელიც აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად", – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
დღეს "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისს გარეთ 22-ივე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს აყენებს და მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, შეჯერდნენ საერთო კანდიდატებზე.
თბილისის 6 ოლქში მიღწეული შეთანხმება საერთო კანდიდატების შესახებ, რომელშიც ენმ-ც მონაწილეობს, ძალაში რჩება.