
ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში აშშ–ის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვს
28/07/2020 08:22:50 სამართალი
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გარდაცვლილის კომპიუტერის ექსპერტიზაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.
როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მოთხოვნის საფუძველი ბევრი საეჭვო გარემოებაა:
„21-ე საუკუნეში რატომ ვერ ხერხდება [კომპიუტერის გახსნა], ეს გასაგებია: შესაძლებელია, მრავალი მიზეზი არსებობდეს, მაინც სახიფათოა; შესაძლებელია, ამას რაიმე ინფორმაციის წაშლა მოჰყვეს“.
მისი თქმით, ფედერალური ბიუროს ექსპერეტების ჩართვა საჭიროა იმისთვის, რომ კომპიუტერიდან ინფორმაციის განადგურება არ მოხდეს:
„თვითონ კომპიუტერი და სატელეფონო ზარები მრავალ შეკითხვას ტოვებს. ვეცდებით, დროულად გვქონდეს ისეთი ინფორმაციები, რაც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს, გოგონას გარდაცვალების ფაქტს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ამასთან, ადვოკატი ითხოვს, მისი თანდასწრებით მოხდეს ავტომობილის ექსპერტიზა და კომპიუტერის გახსნა:
„საქმის მასალებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შეკითხვაა დაკავშირებული ავტომობილის ექსპერტიზასთან. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩემი დასწრების გარეშე არ მოხდეს ავტომობილზე ექსპერტიზის ჩატარება. მინდა, გარკვეული პირების ჩართულობით შემოწმდეს [ავტომანქანა]. გარდა ამისა, არის უამრავი კითხვა, პროტესტი ოჯახის მხრიდან დაკავშირებულია იმ ხელმძღვანელთან, რომელმაც არაადეკვატური ქმედებები განახორციელა“.
ადვოკატის თქმით, ამ დრომდე არ მიუღია აერო და ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რაც გამოძიების მიმართ ეჭვს უჩენს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს. გარდაცვლილის მამის განცხადებით, ცხედრის პოვნამდე მას ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ უთხრა, რომ თამარში „შარში იყო“. თავად ლადო ბაჭულაშვილი აღნიშნულს უარყოფს.