გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ COVID-19–ისგან რწმენა იცავს, ხოლო 19%–ის აზრით – ხალხური მედიცინა
28/07/2020 09:33:09 საზოგადოება
საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა – 53% ფიქრობს, რომ "რწმენა იცავს მათი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან". ამის შესახებ საუბარია "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევაში, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა.
მოსაზრებას, რომელიც კორონავირუსისგან ადამიანის რწმენის დაცვას შეეხება, გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 38% არ იზიარებს. აქვე აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლების მხოლოდ 10% დაესწრო სააღდგომო წირვას, რომელიც კორონავირუსის დროს გაიმართა.
ინფორმაციისთვის: კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა, მათ შორის ქართველებიც. იყო მსხვერპლიც.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.
ეპიდსიტუაციის კარგ შედეგს გამოკითხულთა 73% ექიმებსა და ხელისუფლებას უკავშირებს.
მოქალაქეთა 19% მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ხალხური მედიცინა ეფექტური გზაა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა უმრავლესობა – 78%.
"საბოლოო ჯამში, C ვიტამინი, ციტრუსი, [.. ] ნიორიც საბოლოო ჯამში, არაყიც, ამინო მჟავები, იმუნიტეტის აწევა არის მთელი ხალხური მედიცინა. ეხლა, ფილტვები თუ გათიშა და ბრონქები თუ დაკეტა და ასე შემდეგ, ეხლა ბულიონი არ გიშველის, მაგრამ სანამ დახრჩობამდე მიხვალ შეიძლება ალბათ რაღაც პრევენციის ჩატარება, არ ვიცი, ვერ გეტყვით დაზუსტებით", - ვკითხულობთ კვლევაში მოყვანილ ციტატას, რომელიც ფოკუსჯგუფში მონაწილე თბილსიში დასაქმებულმა 47 წლის კაცმა თქვა.
გარდა ამისა, საქართველოში გამოკითხული ყოველი მე-10 მოქალაქე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტტექნოლოგიების გადამცემ სისტემას - 5G-ს უკავშირდება:ამ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45% არ ეთანხმება 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებაზე კავშირის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებას, 16%–ს არ სმენია ამ ტექნოლოგიის შესახებ, 30% კი პასუხობს, რომ "არ იცის".
კვლევის თანახმად, მოქალაქეების 30% ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, ხოლო 22% ფიქრობს, რომ ლაბორატორიაში შეიქმნა, მაგრამ შემთხვევით გავრცელდა.
კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 რვა პირს დაუდასტურდა, ოთხი კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ქვეყანაში 28 ივლისის დილის მონაცემებით რეგისტრირებულია COVID-19–ის 1145 შემთხვევა, მათგან 927 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6459 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.


