
პროკურატურა განმარტავს, რატომ გამოყო ცალკე წარმოებად 11 დაკავებულის საქმე
28/07/2020 11:34:50 სამართალი
გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, 11 პირის მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე,– იუწყება პროკურატურა.
პროკურატურის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან“.
„გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელი, მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით. მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.
დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ამასთან, ბრალდებულად ცნობილი ექვსი არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში.
პროკურატურის მიერ აღნიშნული სამართლებრივი პროცესუალური გადაწყვეტილების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს: ჯგუფური განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, მათგან არც ერთს არ ედავება ამ დროისთვის გამოძიება მკვლელობის ეპიზოდს.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. სწორედ ამ პირების პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს ოჯახი.