
„შშმ პირთა უფლებების რეალიზებისთვის კონკრეტული მექანიზმების მქონე კანონმდებლობა ადასტურებს, რომ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებების დაცვაა“
28/07/2020 14:40:28 საშინაო პოლიტიკა
"პირველად საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფომ შშმ პირთა უფლებების რეალიზებისთვის კონკრეტული მექანიზმების მქონე კანონმდებლობა შეიმუშავა. ეს რეფორმა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება და ადამიანის უფლებების დაცვა არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი”,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მასშტაბური რეფორმის შედეგად მიღებული ერთიანი საკანონმდებლო აქტი მინიმუმ 150 000-მდე ადამიანს შეეხება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს.
"აღნიშნული კანონის პირველადი პროექტი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. 2017 წელს იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლმაც მოცემული პროექტი მნიშვნელოვნად გადაამუშავა. მასში შეტანილი იქნა ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებები და მთავრობასთან სიღრმისეული კონსულტაციების შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, რეფორმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარედგინა საქართველოს პარლამენტს. აღნიშნული კანონი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა, საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. მასშტაბური რეფორმის შედეგად მიღებული ერთიანი საკანონმდებლო აქტი მინიმუმ 150 000-მდე ადამიანს შეეხება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.