
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
28/07/2020 17:13:23 კონფლიქტები
აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ დღის განმავლობაში ჩატარდა 72 ტესტირება, მათგან 6-მა დადებითი შედეგი აჩვენა.
როგორც კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, წინა დღეებში გამოვლენილ ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა და კონტაქტურ პირთა ტესტირება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
სულ აფხაზეთში პირველი შემთხვევების გამოვლენის დღიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა 63-მდეა გაზრდილი. მათგან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა. თუმცა მეორე გარდაცვლილს, როგორც შტაბში ირწმუნებიან, კორონავირუსი არ გამოუვლინდა – სიკვდილის შემდეგ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა აფხაზეთში 38-ზე იყო “გაყინული” და ახალი შემთხვევები არ ფიქსირდებოდა. თუმცა ბოლო დღეებში გამოვლინდა შიდა გადაცემის პირველი შემთხვევები და ინფიცირებულთა რაოდენობამ ერთბაშად 25-ით მოიმატა.
მიუხედავად ამისა, აფხაზეთი აგვისტოს დასაწყისში რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნას იმედოვნებს, რათა ივნის-ივლისში ჩაგდებული ტურისტული სეზონი აგვისტოში ოდნავ მაინც გამოასწოროს. ამავდროულად ოკუპირებულ “რესპუბლიკაში” შიშობენ, რომ რუსი ტურისტების ნაკადის შემოსვლისა და ინფექციის გარცელების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოები ეპიდვითარებაზე კონტროლს დაკარგავენ.