
მოწმე – ბაჩალიაშვილზე: „როცა გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ“
28/07/2020 18:53:27 სამართალი
23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. კერძოდ, სოფელ მაწევანში მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე „ფორმულასთან“ ყვება, რომ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელების შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომობილით სოფელში დაინახა. საუბარია 19 ან 20 ივლისზე.
მისი თქმით, ამის შემდეგ პოლიციას მიმართეს და სამძებრო სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა ავტომობილი იმ ტერიტორიაზე არ იყო, სადაც 22 ივლისს იპოვეს.
„როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ, რომ მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც გარდაცვლილი იპოვეს, არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით უფროსებს და პოლიციასაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი. ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი“, - აცხადებს ეკატერინე ელბაქიძე.
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ ეკატერინე ელბაქიძის შესახებ პირველად გაიგო.
„პირველად გავიგე ამის შესახებ. არანაირი ამდაგვარი ინფორმაცია არ გამაჩნია. არც საქმეში არ დევს. ალბათ ამის თაობაზე გამოძიება დაინტერესდება და მოისმენს ამ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას“, - განაცხადა რამიშვილმა.
მისი თქმით, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ბევრ რამეს შეცვლის:
"დეტალებზე არ მინდა საუბარი, მაგრამ მართლა ბურუსით მოცული საქმეა, ბევრი კითხვაა, ამიტომ თითოეული ჩვენება ბევრ რამეს ცვლის".
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.